понедельник, 4 апреля 2016 г.

რატომ უკეთებენ ბიზნესმენები  „ბიზნეს-მედიაციას“ იგნორირებას ?


რა დასამალია და ბიზნეს- მედიაცია (არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაში -  მხარეებს შორის, ურთიერთმომგებიანი შეთანხმების მიღწევა, მედიატორის შუამავლობით) არ არის ბიზნეს-წრეებში მაინცა და მაინც ცნობადი და პოპულარული პროცედურა (და აქედან გამომდინარე არც მოთხოვნადი).

ბიზნეს-ურთიერთობების ნიადაგზე წარმოქმნილი დავების (და დაპირისპირებების) შედეგად, ბიზნესმენები ანიჭებენ უპირატესობას, რომ მიმართონ მათთვის შედარებით ძვირად ღირებულ და დროში გაწელილ სასამართლო პროცესის წარმოებას, ვიდრე გამოიყენონ, განვითარებულ ქვეყნებში უაღრესად პოპულარულ (და ეფექტიან) დავების დარეგულირების ისეთ მეთოდს, როგორიცაა - პროფესიონალური მედიაცია.

ამ შემთხვევაში ბევრი ბიზნეს-სუბიექტი ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა დანაკარგების (და ზარალის) წინაშე შეიძლება ის აღმოჩნდეს - სასამართლო პროცესში „ჩაბმის“ შედეგად. სულაც რომ გამოვრიცხოთ იურიდიულ მომსახურეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გასათვალისწინებელია ის „ფარული“ დანახარჯები (დანაკარგები), რომლებიც წარმოიქმნება, დავის პერიოდიში - არმიღებული შემოსავლების, თუ „გაყინული“ აქტივების შედეგად.

იმ შემთხვევაშიც კი როდესაც სასამართლო იღებს რომელიმე მხარის სასარგებლოდ შესაბამის გადაწყვეტილებას - ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარის მიერ დროულად და სრულყოფილად შესრულებული იქნება სასამართლოს განაჩენი.
ბუნებრივია, რომ როდესაც მხარეები მიმართავენ სასამართლოს - ორივე მხარე დარწმუნებულია თავის სიმართლეში. ხშირად ადგილი აქვს ე.წ. „მხედველობიდან გამოტოვებას“, რაც გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეები, წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში „ხედავენ“ მხოლოდ იმას - რისი დანახვაც მათ აწყობთ (ან რისი დანახვაც მათ სურთ) და სხვა ასპექტები ამ შემთხვევაში - იგნორირებულია!

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სასამართლო პროცესის (ანალოგიურად, როგორც კერძო არბიტრაჟის) შედეგად - მიიღება მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ მიმართული გადაწყვეტილება და მეორე მხარე რჩება წაგებულ მდგომარეობაში (სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბიზნეს-დავების მოგების ალბათობა არის 50/50).

იგივე კერძო არბიტრაჟის შემთხვევაში, როგორც წესი, არბიტრი იღებს  რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას ან უკეთეს შემთხვევაშიმხარეები შეთანხმებას აღწევენ „კონსენსუსის“ პირობებზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ორივე მხარის მიერ გარკვეულ დათმობებზე „წასვლას“.

სადღაც გასაგებიც არის, თუ რატომ არიდებენ  ბიზნესის წარმომადგენლები, მედიაციის ჩატარების პრაქტიკას თავს. თავისთავად ცხადია, რომ მხარეებს ვერ წარმოუდგენიათ, თუ როგორ შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებას, როდესაც ისინი იმყოფებიან სხვა და სხვა კარდინალურად განსხვავებულ პოზიციებზე და იმყოფებიან „აქტიური კონფლიქტის“ მდგომარეობაში.

ხშირად სტანდარტული მედიაციის პროცედურაც ვერ შველის პრობლემური სიტუაციის დარეგულირებას და მიუხედავათ იმისა, რომ მედიატორი ცდილობს გააკეთოს აქცენტი - არა წარსულზე არამედ მომავალ პერსპექტივებზე, მხარეების რეალურ ინტერესებზე (და არა დაკავებულ პოზიციებზე) და ჩაუნერგოს მხარეებს „სამართლიანობის“ დაცვის პრინციპი - მხარეები მაინც ბოლომდე იცავენ, მათ მიერ საწყის ეტაპზე დაკავებულ პოზიციებს და მიმართავენ „ „ურთიერთგადაბრალების“ ტაქტიკას.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბიზნეს-მედიაციის პროცესი წარმატებული?
მედიაციის პროცესში, როგორც წესი მხარეები ოპერირებენ მათ ხელთარსებული არგუმენტებით და განიხილავენ სიტუაციას არსებული მოცემულობიდან გამომდინარე.     ანუ ხშირად მხარეები ხედავენ, კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების (და მხარეების მოთხოვნების დაკმაყოფილების) მხოლოდ ერთ გამოსავალს (საკუთარი ვერსიის თანახმად), მაგრამ ამასთან ერთად ყოველთვის არსებობს უამრავი სხვა ალტერნატიული ისეთი გამოსავალი (და პრობლემის გადაწყვეტის ისეთი ხერხები), რომელიც ორივე მხარისათვის შეიძლება იყოს მომგებიანი.

ზუსტად იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სხვა და სხვა ალტერნატივების შეთავაზება (და ეს არ ნიშნავს, მედიატორის მიერ რომელიმე მხარის სასარგებლოდ პოზიციის დაკავებას) - მედიატორები უმეტეს შემთხვევაში არიან არაკომპეტენტურები.
იმისათვის, რომ მხარეებს წარმოუდგინო ბიზნეს-ურთიერთობებიდან წარმოქმნილი პრობლემის გადაწყვეტის გზები, საჭიროა ფინანსების (და ფინანსური ინჟენირინგის) საკმაოდ ღრმა ცოდნა.

მაშინ, როდესაც მედიატორი მხარეებს თავაზობს სხვა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით - ურთიერთმომგებიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას - მოდავე მხარეების 80% თანხმდება აღნიშნულ შეთავაზებაზე (ესეც Pareto-ს პრინციპიც).

არსებობს ამ პრაქტიკის უამრავი და წარმატებულად დასრულებული მედიაციის პროცესის (მათ შორის ჩემს პრაქტიკაშიც) მაგალითები, როდესაც კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, მედიატორის მიერ შეთავაზებული (და გამოყენებული) იყო ისეთი საფინანსო მექანიზმების და მეთოდების გამოყენება, როგორიცაა:

კორპორატიული ფასიანი ქაღალდები, თამასუქები, რეალური ოფციონები, ბიზნესის ღირებულების დადგენის საერთაშორისო სტანდარტები, „ალტერნატიული დანახარჯების“ დადგენის წესი, დამატებითი „ფარული“ საფინანსო გარანტიების მოპოვება, კომერციული ინტერესების გამოყენების უფლების მიღება - მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით, ვალის რესტრუქტურიზაციის სხვა და სხვა ფორმები და ა.შ.

აქედან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ბიზნეს-მედიაციის პროცესი, მაშინ შეიძლება იყოს ბოლომდე ეფექტიანი, თუ მას უძღვება ისეთი მედიატორი, რომელიც კარგათ არის გათვიცნობიერებული არა მხოლოდ კონფლიქტების დარეგულირების მეთოდებში, არამედ ფინანსური ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებაშიც.

მაშინ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!


ვახტანგ ხომიზურაშვილი

(593667218)